იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მიერ 7 ნოემბრის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული თუ რა დანაშაული ჩაიდინა. მით უმეტეს, ის ამას არც ინანიებს და კიდევ ერთხელ ცდილობს გაამართლოს მედიაზე თავდასხმა. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს", 7 ნოემბერი სხვა არაფერი იყო, თუ არა მედიაზე სასტიკი თავდასხმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და თუკი რომელიმე ადამიანი ცდილობს ეს გაამართლოს, რა თქმა უნდა მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიის თანამედროვე გაგებასთან", - განაცხადა ბრეგაძემ.
„2007 წელს არეულობა, რუსმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა მოგვიწყო" - ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი, 7 ნოემბრის საქმის სასამართლო განხილვაზე აკეთებს. ექსპრეზიდენტი, 7 ნოემბრის საქმეზე პირველ ჩვენებას დაუბრუნდა. პატიმარი პაციენტი, აქციის ძალადობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორით ხსნის.