რეზონანსი
20.11.2023

არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის იმის ინდიკატორი, თამაშობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვინმეს თამაშს , -ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისი განმარტებით, არ ეთანხმება კონსპირაციის თეორიებს, რომ სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს და მას ასე საუბარი ან მოქმედება „აწყობს".

„შესაძლოა, პრეზიდენტი მიხვდა, რომ იმპიჩმენტის საკითხი ირაკლი კობახიძის წამოწყებული, მოგონილი არ იყო და იყო ბიძინა ივანიშვილისგან მითითება. ეს მას უთქვამს კიდეც, რომ „ქართულ ოცნებაში" დამოუკიდებლად არავინ მოქმედებს. ვისაც ეჭვი ეპარებოდა, დაინახა, რომ ის არის ამ ქვეყანაში იმ უმრავლესობის მხარეს, ვინც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება. არ ეშინია „ქართული ოცნებისგან" არც თითის ქნევის, არც მუქარების. მუქარაც გვესმის, თითის ქნევაც, შეურაცხყოფაც, მაგრამ პრეზიდენტი ამბობს, არაფრის მეშინია, ჩემი გზა მაქვს არჩეული და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებო. ამ ეტაპზე რაც ჩანს, პრეზიდენტის პოზიციონირებიდან და მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით არ შეიწყალებს", -განაცხადა სამნიძემ.

გარდა ამისა, ხათუნა სამნიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები შეაფასა, რომლის თქმით, არჩევნებზე პირველ ადგილზე გასასვლელად ემზადებიან.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, მისთვის მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება მოულოდნელი არ არის იმ მიმართულებით, რომ მოაგვაროს პრობლემები, რომელიც მის დაფუძნებულ პარტიას აქვს.

„დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული პრობლემები აქვს. ვუსურვებ, რომ ეს ვითარება დალაგდეს და გაძლიერებული შევიდნენ საარჩევნო პროცესში, მაგრამ ამ მოცემულობით რთული მდგომარეობაა. არ მგონია, რომ 23 ნოემბერი ან მიხეილ სააკაშვილის განცხადება დაალაგებს პარტიაში ვითარებას. უფრო მოლოდინი მაქვს, რომ მაინც გაიყოფა ეს პარტია იმიტომ, რომ ჩანს, ძალიან ღრმაა ეს დაპირისპირება და არ არის ერთი ან ორი განცხადება, თუნდაც ეს მათი ლიდერი იყოს. მოლოდინი მაქვს, რომ პარტია გაიყოფა. რაც შეხება წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებას, ეს ხელს უწყობს „ქართული ოცნების" მხრიდან მორიგი პროპაგანდის ტალღის დაწყებას. ამას ხელისუფლება კარგად იყენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩერდეს და თავისი სათქმელი არ თქვას. „ქართული ოცნება" ყოველთვის გამოუყენებს ამას პროპაგანდად. ყველა არჩევნების წინ მათი მთავარი ხაზი მაინც არის „მტრის ხატი", შიშის დანერგვა, „ომის პარტია",-განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ასევე სარჩევნო ბარიერის საკითხსაც იყენებს, რადგან „ეს მათი შიშია".

„ამიტომ არ წევენ ბარიერს. ბარიერის არ დაწევით, უფრო მეტია პატარა პარტიების მოტივაცია, რომ რამდენიმე საარჩევნო ცენტრი შეიქმნას. ეს არ ნიშნავს იმას,რომ ყველა „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდება, პირიქით, ბევრმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საარჩევნო ტექნიკურ ბლოკს არ შექმნის. მოლოდინი მაქვს, რომ 5%-იანი ბარიერი იქნება ჩემთვის ფაქტორი, რამდენიმე პარტია გაერთიანდეს. დღეს ეს არ ჩანს, უფრო მეტად ისმის პარტიების ბაქი-ბუქი, რომ ჩვენ გადავლახავთ ბარიერსო", - განაცხადა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×