თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ოპოზიცია დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ქართული ოცნების ხელისუფლებაზე მორგებულად აცხადებს.
„მრავალგვერდიანი ბიუჯეტის წაკითხვის სანაცვლოდ ოპოზიციისთვის უფრო მარტივია წლიდან წლამდე დაიმახსოვროს მხოლოდ ერთი მარტივი წინადადება და დაზეპირებული ფრაზებით შეაფასოს ბიუჯეტი. ამასთანავე აღნიშნოს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ვითომ ქართული ოცნების ინტერესებზეა მორგებული. მიეჩვივნენ კიდევაც, რომ მათ მიერ გაკეთებულ კომენტარს ტელევიზიები გააშუქებენ და შემდეგ არასწორ ინფორმაციას საზოგადოება მოისმენს“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერ კოლეგას შეკითხვით მიმართა და სთხოვა იმ პარტიული კოორდინატორების დასახელება, რომლებიც ვითომდა დედაქალაქის მერიაში საქმდებიან.
„იქნებ მიპასუხოთ, კერძოდ რომელი რაიონის კოორდინატორებს გულისხმობთ. დაასახელეთ თუნდაც ერთი მათგანი. რაც შეეხება საჯარო ბაღებში გაზრდილ შტატებს, აქ იგულისხმება აღმზრდელის თანაშემწის შტატი. როგორ ფიქრობთ, სრულფასოვანი სააღმზრდელო პროცესის ჩასატარებლად რამდენი ადამიანი სჭირდება ჯგუფს, რომელშიც 20-ზე მეტი აღსაზრდელია?“, - კითხვით მიმართა კოლეგას თინათინ ნიბლოშვილმა და ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლო და უსაგნო უწოდა.