2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ზუსტად ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც იყო 2020 წლის და 2016 წლის არჩევნები. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ტრადიციის გაგრძელებას ხელს შეუწყობს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ყალბი აღქმების შექმნის მცდელობა. მისი თქმით, USAID- ის დონორმა ორგანიზაციამ კარგად იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო არასწორი და ქართველ ხალხს ატყუებდა.
„რაც შეეხება პარალელური დათვლის შედეგებს, USAID- ის დონორმა ორგანიზაციამ იცოდა და გვატყუებდა ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, რომ თითქოს სწორი იყო ეს მონაცემები და მერე აღმოჩნდა, რომ მონაცემები იყო ყალბი. სამწუხაროდ, დღემდე არ გაუკეთებიათ განმარტება ამასთან დაკავშირებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაციის ზღვარზე არ გაუვლია. ეუთოს/ოდირის დასკვნა და შეფასებები შეგიძლიათ ნახოთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ცალკეული პოლიტიკოსის და სენატორის შეფასება არ არის გადამწყვეტი, მათ შორის, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა ორგანიზაციამ, რომელიც ამერიკული დაფინანსებით მოქმედებდა. დარღვევები, რა თქმა უნდა, არჩევნებზე არის და მათ შორის, შეგიძლიათ აიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნა და წაიკითხოთ, შემდეგ კი, ნაცვლად ამერიკისა, ჩასვით სიტყვა საქართველო და ნახავთ როგორი დრამატული წარმოდგენა შეგექმნებათ არჩევნებზე. ამიტომ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისიაა, მათ შორის, ხარვეზებზე დაკვირვება და ამ ხარვეზებზე მითითება, რათა ქვეყანამ ხარვეზებზე იმუშაოს. ეუთო/ოდირის დასკვნებიც, რა თქმა უნდა, ამ ხარვეზებსაც ეხება ხოლმე ყველა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, იყო თუ არა 2020 წლის არჩევნები სამართლიანი, ლეგიტიმური და ა.შ. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი დაადასტურა ერთი წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ესეც კარგად უნდა გავიხსენოთ. ქართველმა ხალხმა თავად უთხრა ყველას, ვინც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნებმა გაიარა ლეგიტიმაციის ზღვარზე, რომ ეს სინამდვილეში იყო ტყუილი და არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამიტომ ქართველი ხალხის სიტყვა არის ყოველთვის გადამწყვეტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.