დედაქალაქის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი მწუხარების მესმის, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ნათლად ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის და დედაქალაქისთვის მთავარი საზრუნავი არის ადამიანი. მესმის, რომ არ ხართ კმაყოფილები, რადგან თბილისს ისტორიული ბიუჯეტი სწორედ ჩვენი მმართველობის პირობებში აქვს, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნებს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. მისი თქმით, მსგავსი მაღალი მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა.
„ჩვენ შევძელით ის, რომ არ იქნება ომი, იქნება სტაბილურობა და განვითარება. განვითარდება ქვეყანა და განვითარდება ბიზნესი. სახელმწიფო მიიღებს მეტ გადასახადს და განახორციელებს მეტ პროექტს. ეს ჩვენ შევძელით, თქვენ კი იმის მაგივრად, რომ ამაში მონაწილეობას იღებდეთ, მოსახლეობის გამიზნულ დეზინფორმირებას განაგრძობთ. მაგრამ თბილისელებმა იციან სიმართლე და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, თბილისის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მიმდინარე წელთან შედარებით 70 მილიონი ლარით მეტია, ყველა იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსებაა გაზრდილი, რომლებიც თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორისაა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მიმართულებები: ჯანდაცვა, განათლება და სხვა.
როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ოპოზიცია ამ პრიორიტეტებით არ ინტერესდება და მოსახლეობას სიმართლეს უმალავს. მისივე განცხადებით, თბილისში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. შესაბამისად, უმრავლესობის წევრს აინტერესებს, თუ როგორ არის წარმოდგენილი პროექტი „ქართული ოცნების“ და არა თბილისელების ბიუჯეტი.