რეზონანსი
28.11.2023

საქართველოს პრეზიდენტი დღეს „ყვარლის ევროკლუბის“ დაარსების ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ილიას ევროპული გზის მისაღწევად ყველას ჩართულობაა საჭირო.

„ჩვენი მიზანი – ილიას ევროპული გზა იყოს მიღწეული, ამისთვის კი ყველას ჩართულობაა საჭირო: მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია. საქართველოს ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა ეს თავისი ძალა, თავისი იდენტობა, ეს თავდაჯერებულობა და შეიძლება რაღაც პერიოდებში არ იყო რაღაც ცენტრალური მმართველობა, რომელიც ყველაფერს განაგებდა, მაგრამ იყვნენ ადგილობრივი ძალები, რომლებიც გადაურჩნენ, ზოგჯერ შეეგუვნენ ძალიან რთულ პირობებს, მაგრამ ზოგჯერ ერთობლივი იყო ეს გზა და ერთობლივი იყო ის გზა რაზედაც მივდიოდით და დღესაც მივდივართ.

მინდა, დღესაც ვთქვა როცა აქ, ილიასთან ვდგევართ და რეალურად ვიცით, თუ რა ფასი აქვს მის მოღვაწეობას და მის ნაკარნახევ გზას; ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ასეთი ადამიანები გვასწავლიდნენ, აზიარებდნენ ცოდნას, აზიარებდნენ იმას, რაც არის ამ ქვეყნის კულტურა, და ამ ქვეყნის იდენტობა.

ჩვენ არა მხოლოდ ილიას დაბადების ქალაქში ვართ დღეს, ასევე ძალიან ახლოს ვართ იყალთოს აკადემიასთან, რომელიც ამ რეგიონისათვის ცოდნისა და რწმენის კერააა. ესეც ჩვენი იდენტობაა. და როცა თქვენგან გავიგეთ, რომ თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ, [ღონისძიებაზე] ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გამაოგნებელია, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. ეს პირველ რიგში, ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობაა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა, არცერთი სახელმწიფო არ დგას თავის მყარ საფუძველბზე.

ამიტომ, მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ რაც შეგვიძლია თქვენს გვერდში ვიდგებით. მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ მონაწილეობთ იმ კამპანიაში, რომელიც კიდევ გავიმეორებ – არ არის ჩემი კამპანია ჩემი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ჩვენი, თქვენი კამპანია, რათა ხელი მოვაწეროთ და ვთქვათ ხმამაღლა – ,,ჩვენი ხმა ევროპას”.

ეს მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ ეს საზოგადოება ამაში მაინც არის ერთიანი, რომ ეს საზოგადობა ამ საკითხში ძლიერად დგას და სწამს ამ მომავლის. და მე ვხედავ აქ ახალგაზრდების თვალებში, რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი მომავალი და მე ამის მჯერა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ღონისძიებას საქართთველოში აშშ-ის ელჩი, ევროკავშირის საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×