მჯერა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„კლიმატის ცვლილების შედეგები მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, CAREC-ის რეგიონში აშკარაა, რაც სხვადასხვა კატაკლიზმის გამომწვევი მიზეზია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან CAREC-ის წევრები და პარტნიორები აღიქვამენ იმ საფრთხეებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ჩვენს ხალხსა და პლანეტაზე. მე მჯერა, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემების მოგვარება ძალიან დროულია, რაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან სწრაფ რეაგირებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისში მიმდინარე მინისტერიალის მთავარი თემა სწორედ რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, ასევე სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების განსაზღვრაა. როგორც ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, CAREC-ის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტი (Climate Change Vision Document) ავითარებს პრინციპებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, წევრმა ქვეყნებმა ამ კუთხით სექტორების მიხედვით იმოქმედონ. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტულ სფეროებს ინვესტიციებისთვის და რეკომენდაციებს გასცემს კლიმატისადმი მდგრადი რეგიონის ჩამოყალიბების მიზნით.
„თავის მხრივ, საქართველო უმოქმედოდ არ ყოფილა კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების კუთხით. სახელმწიფომ დაამტკიცა „2030 კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (CSAP) 2021-2023 წლებისთვის". დოკუმენტი ფარავს დარგობრივ თავებს, როგორებიცაა ენერგიის გამომუშავება და გადაცემა, მრეწველობა, ნარჩენები, მშენებლობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა. CSAP ადგენს გრძელვადიან და მოკლევადიან ხედვებს საქართველოს 2030 წლის სათბურის გაზების ემისიის შემცირების მიზნის განსახორციელებლად კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ვრცლად გააცნო საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება წარმოადგენს, რაზეც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა.
„მთლიანობაში, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს CAREC-ის კლიმატის ცვლილების ხედვის დოკუმენტს და მის დამტკიცებას ამ მინისტერიალის ფარგლებში. გარდა ამისა, საქართველო მიესალმება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და CAREC-ის მნიშვნელოვან ძალისხმევას კლიმატისა და მდგრადობის პროექტის მოსამზადებელი ფონდის (CSPPF) შექმნისთვის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს პრიორიტეტულ სფეროებში, რაც ხელს უწყობს კავშირისა და რეგიონული ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას არსებული გამოწვევების პირობებშიც კი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.