რეზონანსი
30.11.2023

მამუკა ხაზარაძე უხდის თვეში 200 ათას ლარს ტელეკომპანია „ტვ პირველს" და 240 ათას ლარს - ტელეკომპანია „მთავარს", რის ხარჯზეც აქვს უზრუნველყოფილი გარკვეული დაფარვა ამ ტელეკომპანიებში. ეს შეთანხმებული აქვს კეზერაშვილთან, „ნაცმოძრაობის" ლიდერებთან. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სქემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძემ საკუთარი ოლიგარქობა თავად აღიარა.

„კეზერაშვილის შემდეგ ჩვენ გვყავს მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი. ისედაც ყველამ იცოდა, რომ ხაზარაძე იყო ოლიგარქი, ბუნებრივია, მაგრამ ეს იყო პირდაპირი აღიარება იმისა, რომ მას, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაზე აქვს პირდაპირი გავლენა - საკუთარი პარტია აქვს შექმნილი, ამის გარდა პირდაპირი გავლენები აქვს ტელევიზიებზე. ამის მიღმა, რაც მას ჯერჯერობით არ უღიარებია, არის ტელეკომპანია „მთავარზე" გავლენა. შემიძლია, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ის უხდის თვეში 200 ათას ლარს ტელეკომპანია „ტვ პირველს" და 240 ათას ლარს - ტელეკომპანია „მთავარს", რის ხარჯზეც აქვს უზრუნველყოფილი გარკვეული დაფარვა ამ ტელეკომპანიებში. ეს შეთანხმებული აქვს კეზერაშვილთან, „ნაცმოძრაობის" ლიდერებთან. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სქემა. ის ახორციელებს შესაბამისი ტელევიზიების დაფინანსებას, რათა მიიღოს შესაბამისი სატელევიზიო დაფარვა.

რა თქმა უნდა, ხაზარაძე არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც კორუფციით აქვს ნაშოვნი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ფული, შემდეგ სააკაშვილის რეჟიმთან ერთად შოულობდა ფულს - ბიზნესის რეკეტის სქემაში იყო პირდაპირ ჩართული. ის ვერ გაუტოლდებოდა სააკაშვილს, ადეიშვილსა და კეზერაშვილს ამ ამბავში, მაგრამ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იმ სქემისა, რომელიც დაკავშირებული იყო ბიზნესის რეკეტთან. კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს, არაერთი საქმე, სადაც ფიგურირებს ხაზარაძე, როგორც რეკეტიორი. ის არის ოლიგარქი და ეს არის მისი თვითაღიარება. ისედაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ თავად აღიარა საკუთარი ოლიგარქობა", - განაცხადა კობახიძემ.

„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღიარა, რომ ორ ტელევიზიას აფინანსებს. თუმცა, მისი მტკიცებით, ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×