რეზონანსი
04.12.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დირექტორობის მსურველთა კონკურსის შესახებ ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები მიზანმიმართულად ცდილობენ, როგორმე დააზიანონ რეფორმები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე - იქნება ეს მასწავლებელთა ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და კიდევ ერთხელ განვმარტავ. დღეს ჩვენი ოპონენტები ხედავენ, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, პრობლემებს ვუმკლავდებით და პოზიტივი მოდის სისტემიდან - ბუნებრივია, ახლა მათ სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, გარდა იმისა, რომ როგორმე დააზიანონ ეს პროცესი. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე. იქნება ეს ხელფასების მატება, თუ დირექტორობის მსურველთა კონკურსი.

აღსანიშნავია, რომ სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსები ჩატარდა და აპლიკანტებმა შემოიტანეს განცხადებები, სკოლების სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს კანდიდატები. მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ.

მე გამიზნულად არცერთი დისკრეცია არ გამომიყენებია, თუმცა ამის სრული, კანონიერი უფლება მაქვს. და ახლა ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ დისკრეცია. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ.

იყო ადგილები სადაც აირჩიეს კანდიდატი, მაგრამ იყო ადგილები, სადაც არ აურჩევიათ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი ეს აუცილებლად დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თუ ფიქრობს, რომ მათი უფლება შეილახა.

სიმართლე ერთია - დაახლოებით 900 სკოლაა, სადაც ახალი დირექტორი დაინიშნა და ერთ შემთხვევასაც ვერ ასახელებენ, რომ ვინმე არაკვალიფიციური ან გარკვეული სუბიექტური მიზნებით განმწესებული, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანი შეირჩა.

ბრძენია ხალხი, ბრძენი არიან ჩვენი პედაგოგები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ქმნიან განათლების სისტემას. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი არასდროს აჰყვებიან ვიწრო ინტერესებზე დაფუძნებულ ცრუ აჟიოტაჟს, რომლის უკანაც შესაძლოა, იყოს გულისწყრომა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ ვინმე თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტები საჭირო, ამისთვის საჭიროა სამართლებრივად მოქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ ამ პროტესტის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, მაშინ გასაგებია რატომაც - მათ უნდათ, დააზიანონ ის მასშტაბური რეფორმები, რომლებიც ჩვენ განათლების სისტემაში დავიწყეთ", - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×