დაუძახეთ გეგა გეგეშიძე და კითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე - ლუკა კურტანიძის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, ასეთ საკითხებს "დიდი სპორტული ოჯახი" თავად გადაწყვეტს.
მეძმარიაშვილმა კურტანიძეზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ბევრი ისეთი რამ იცის, რაც უნდა რომ არ იცოდეს.
"ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით და მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ჩაბმულია ამ არასასიამოვნო სიტუაციაში, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, სადაც ბევრი სახეობები შედის და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, მე ვთვლი, რომ სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორად და მგონია, რომ სირცხვილია. მითუმეტეს არ არის პრობლემა - გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და კითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე.
ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს იყო, ხანდახან არც მინდა რომ ვიცოდე და გავიხსენო... ტყუილებით ნუ კვებავთ ხალხს, დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი" აღნიშნა მეძმარიაშვილმა და კომიტეტის სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც შოთა ხაბარელის პროტესტი მოჰყვა.
ხაბარელმა მეძმარიაშვილი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში დაადანაშაულა და "კორექტულად საუბრისკენ" მოუწოდა, რაზეც ხაბარელმა უპასუხა - "მაგ სიმართლით იარეთ".
"რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი?...ძაბავთ სიტუაციას ამ თქვენი გამოსვლით. გამოგაქვთ საკითხი დასაძაბად, იმიტომ რომ დაპირისპირებული ხარ ადამიანთან, რომელთანაც არაკორექტულად მოიქეცი თავიდან... დამშვიდებულია სიტუაცია, პასუხი გასცა ფედერაციამ, წამოწიეთ სიტუაცია და ისევ დაძაბოთ გინდათ ... თქვენ თვითონ იყავით კორექტული, იწყევლებით ქალივით" - უპასუხა ხაბარელმა მეძმარიაშვილს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძეც ესწრებოდა.