მთავარი სასაუბრო იქნება რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობა და გადაუდებელი საჭიროება, ასევე ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ინაწილებს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ტვირთს და ის, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრებისთვის, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
მისი თქმით, ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელი და მიუღწეველია საქართველოს ნატოში გაწევრების გარეშე.
„ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა 2008 წელს გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ვერცერთი მესამე სახელმწიფო ამას ვეტოს ვერ დაადებს და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა ვიხილოთ ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია. საქართველო ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს დგამს ნატოში ინტეგრაციისთვის, ჩვენი ქვეყანა დღეს ბევრად უფრო თავსებადია ნატოსთან, ვიდრე ალიანსის ცალკეული სახელმწიფოები. საქართველო მოქმედებს როგორც პასუხისმგებლიანი მოკავშირე და გვინდა ვიხილოთ ალიანსის მხრიდან დროული შემხვედრი ნაბიჯები და პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარება საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბერაიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.