ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს, ელემენტარულად დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ილჰამ ალიევისთვის მილოცვა აქამდე ბევრჯერ გაჟღერებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა კითხვაზე, რატომ არ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ჩიქოვანის თქმით, ეს აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, აზიანებს სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
„ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით. ვინაიდან ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა აზერბაიჯანის ლიდერთან. რამაც ხელი შეუწყო ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას. მეორე მხრივ, ელემენტარულად დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო.
ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, თითქოს ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ან სხვა სახელმწიფოს ლიდერებმა, მათ შორის ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, უსურვოს წარმატებები ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ სულაც უგუნური გადაწყვეტილება. თუმცა შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც დიდი ხანია, პრეზიდენტი აღასრულებს და გარკვეულ დავალებებს მიყვება“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.