გუშინ მკვლელობა მოხდა თბილისში. მოკლულია ციხიდან ახალგამოსული ფელიქსს კაპანოვი. "ტვ პირველმა" მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა ვინაობა დაადგინა. ისინი ძმები ედვინ ბაგაშვილი და კარლო გალოიანი არიან.
როგორც ირკვევა, კარლო გალოიანი მოკლული კაპანოვის მეზობელია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გალოიანმა ბაგიაშვილთან ერთად 50 წლამდე კაცს ჩასაფრება მოუწყო, ორივე მათგანი კაპანოვს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მსხვერპლს გადაჭრილი თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ. ისინი მათმა უფლებადამცველმა ირაკლი ბენიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.
"საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ისინი პოზიციას სავარაუდოდ, სასამართლოში დააფიქსირებენ. ამ ეტაპზე საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
ბრალი ჯერ წაყენებული არაა, ისინი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. იციან რაზე დააკავეს, თუმცა, ფაქტს უარყოფენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
ზუსტი დეტალები ჩემთვის უცნობია, ისინი თბილისში დააკავეს”, – განაცხადა ბენიამ.
კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა მოკლული და ბრალდებულები ერთმანეთს, ან რა სახის კონფლიქტი ჰქონდათ, ბენია პასუხობს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა, კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
ტვ პირველი