
ეს თქვენი პირველი ვიზიტია პრემიერ-მინისტრის რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ, - ასე მიმართა ჟოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ასევე პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
„ჩვენ გადავედით ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ეტაპზე. საუბარი, რომელიც ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს. თუმცა, საქმე იწყება ახლა თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი. ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა ბორელმა.