რეზონანსი
23.02.2024

ჩინეთი დემოკრატიისგან შორს არის, ამიტომ შედარება, ამერიკა თუ ჩინეთი, სცდება არგუმენტირებულ მსჯელობას და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ „ოცნების" მოძრაობის გაგრძელებაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს.

აქუბარდია გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც პრემიერმა აღნიშნა: „ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან".

„ეს განცხადება, მით უფრო პრემიერის რანგში ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ არის გაგრძელება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის წინააღმდეგ იერიშის და რატომ:

ამერიკასთან საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმებული, რაც პარლამენტის მხრიდან არის რატიფიცირებული (ჩინეთთან გვაქვს მხოლოდ განაცხადის დონეზე სტრატეგიული პარტნიორობა).

ქარტიის ფარგლებში რეგულარული შეხვედრები იმართებოდა, მიუხედავად ბოლო წლებში გაკეთებული პაუზისა, რაც, შესაძლოა, განცხადების დონეზე ამერიკის წინააღმდეგ მმართველი პარტიის, მათ შორის, ირაკლი კობახიძის თავდასხმების მიზეზიც იყოს. ოფიციალური პასუხი ამაზე არ არსებობს.

ამერიკამ მიიღო საქართველოს მხარდაჭერის ორპარტიული აქტი (კანონი), რითიც ნებისმიერი ქვეყანა, ვინც აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას, ფულს ვერ მიიღებს აშშ-ისგან. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაში მთავრობამ იმდენი არ ქნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა ტექსტში მოხვედრილიყო, რაც, მაგალითად, კვიპროსმა შეძლო (ჩინეთი პირობას დებს, რომ „გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში") ანუ აქ მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავარი ეროვნული ინტერესის ჩანაწერი არ იქნა უზრუნველყოფილი.

დასავლეთთან საქართველოს ღირებულებითი თანხვედრა აქვს, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მდგომარეობს. ჩინეთი დემოკრატიისგან საკმაოდ შორს არის, რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ შედარება, ამერიკა თუ ჩინეთი, აბსოლუტურად სცდება საგნობრივ არგუმენტირებულ მსჯელობას და გაგრძელებაა „ოცნების" გაცხადებული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოძრაობის", - წერს აქუბარდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×