რეზონანსი
23.02.2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს საკუთარი ხედვა წარუდგინა.

გეგმის მიხედვით, ისრაელი ღაზის სექტორში განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებს უსაფრთხოებას, ტერიტორიის მართვას კი ის პალესტინელები განახორციელებენ, რომელთაც ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილ დაჯგუფებებთან კავშირი არ აქვთ. ამავე დოკუმენტსა და კონტექსტში ნახსენები არ არის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. ნეთანიაჰუ მანამდეც გამორიცხავდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ღაზაში რაიმე როლს ომის შემდგომ პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს სურს, ღაზა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაფუძნებულმა პალესტინის ადმინისტრაციამ მართოს. ნეთანიაჰუს ხედვით, ღაზა დემილიტარიზებულია, ისრაელი იქნება პასუხისმგებელი ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრასა და საზოგადო წესრიგის უზრუნველყოფაზე. ეგვიპტის საზღვართან იქნება „სამხრეთის კარიბჭე" - ღაზის ტერიტორიაზე მიწისქვეშა თუ სახმელეთო კონტრაბანდის პრევენციისთვის. „დერადიკალიზაციის პროგრამები" წარმოდგენილი იქნება ყველა საგანმანათლებლო თუ რელიგიურ დაწესებულებებში.

ამავე გეგმის მიხედვით, ისრაელი იზრუნებს უსაფრთხოების კონტროლზე იორდანიის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე - იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო უსაფრთხოება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერის მიერ წარდგენილ გეგმას „განწირულს" უწოდებენ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ნაბილ აბუ რუდეინეს თქმით, „მსოფლიოს მართლაც რომ აინტერესებდეს რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მაშინ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის ოკუპაციას დაასრულებდა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარებდა".

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთის ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×