
„ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ ლგბტ პროპაგანდისა და უმცირესობის უფლებების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკამ არა მარტო უნდა დაიცვას, არამედ უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები იმისთვის, რომ მეტი ძალა და შანსი მიეცეს ყველას, საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და „ლელოს“ პროგრამა სწორედ ამას ემსახურება.
„ღირსების საკითხია ჩემთვის, რომ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა ქართველის - ბუნებრივია, ქართველში ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვგულისხმობ, ვინც ერთად ვქმნით ჩვენს ქართულ სახელმწიფოს - ყველა მათგანის უფლება თავის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებაში, დაცული და გამყარებულიც უნდა იყოს. მე მარტო დაცვა არ მგონია სწორი არავის უფლების, მე ვფიქრობ, პოლიტიკამ, იმ კარგ და სწორ შემთხვევაში, რაც მე მინდა რომ იყოს, უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს მეტი ძალა, ენერგია და მეტი შანსი, რომ საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს და ჩვენი პროგრამა და ჩვენი ფილოსოფია ემსახურება ამას“, - განაცხადა გეგელიამ.