რეზონანსი
29.02.2024

ძალიან ნიშანდობლივია, როდესაც ასეთი ავტორიტეტული კვლევები ვრცელდება და როდესაც აღმოჩნდება ხოლმე, რომ საქართველოს მდგომარეობა არც ისეთი უარყოფითია, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ წარმოაჩინონ. შემდეგ ისინი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე იმიტომ, რომ ყველაზე ნათლად და მკაფიოდ წარმოჩინდება ფაქტების და აღთქმების ურთიერთ არათავსებადების პრობლემა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ფონდ „ჰერითიჯის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, სადაც „მთავრობის კეთილსინდისიერების" მაჩვენებლით საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა და ევროპის საუკეთესო ოცეულში პირველად შევიდა.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, როდესაც ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში არსებული სიტუაცია დრამატული ფერებით წარმოადგინოს და რთული მდგომარეობა დასახოს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ დისონანსში მოდის იმ ავტორიტეტულ კვლევებთან, რომლებიც ფაქტების დონეზე და არა აღთქმების დონეზე აფასებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. როდესაც ფაქტებზე და რიცხვებზე დაყრდნობით ფასდება ქვეყნის მდგომარეობა, ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, რომ საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ კარგია, იმაზე უკეთესი ვიდრე სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, იმაზე უკეთესი ვიდრე ზოგიერთ ევროკავშირის სახელმწიფოში ან ნატო-ს წევრ სახელმწიფოში. ეს კარგი ამბავია! ეს უნდა უხაროდეს ყველას, ვინც ამ ქვეყნის გულშემატკივარია. ვისთვისაც ამოცანა დგას, რომ ნეტა საქართველოში ამაზე ცუდად იქნებოდეს მდგომარეობა იმიტომ, რომ ეს გამოვიყენოთ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველ არგუმენტად, მათთვის, რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო ინფორმაცია შეიძლება სულაც არ იყოს, მაგრამ ეს იმავდროულად ახალ დასკვნას განაპირობებს და ეს დასკვნა გახლავთ, რომ ეს არის ხალხი, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესზე, ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესზე უფრო მაღლა დგას ვიწრო პარტიული, ხელისუფლებაში მოსვლის ამოცანა. სამწუხაროდ, სხვა მეტი ღირებულება მათ არ გააჩნიათ.

ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ - საბედნიეროდ ქვეყანაში, მიუხედავად ჩვენი გამოწვევებისა და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ქვეყანაში არც ისე მძიმეა მდგომარეობა როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ. ქვეყანაში პროგრესი სუფევს და რეალურად ამას მხოლოდ და მხოლოდ წინ გაძღოლა სჭირდება და არა უკან ყურება, რასაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია გვთავაზობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×