რეზონანსი
04.03.2024

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის არცერთი ინიციატივა და გადაწყვეტილება ბოლომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, მას საქმიანობაში არაფერი საამაყო არ აქვს.

როგორც ჩიხლაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნებისმიერი ახალი მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის და მისი „კლანების" ინტერესების გამტარებელი იქნება.

„არცერთი გადაწყვეტილება და წამოწყებული ინიციატივა არც ბოლომდე მისულა და სამწუხაროდ, არც წამატებული ყოფილა, იქნება ეს წამლების რეფორმა, DRG სისტემა, ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება, რესპუბლიკური საავადმყოფო, ვერც ერთი ინიციატივა წარმატებით ვერ დასრულდა. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის უამრავი დავალიანება, რომელიც სამინისტროს კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიმართ აქვს. ამ ყველაფერს ადასტურებს აუდიტის დასკვნა, რომელიც 1 თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ სერიოზულ დარღვევებზე. საბოლოოდ, ასეულობით მილიონი ლარის აქტივებზეა საუბარი. ყოფილი მინისტრის საქმიანობა წარმატებული ვერანაირად ვერ იქნება. გარდა ამისა, იქნება აზარაშვილი თუ სხვა, ადამიანის საჭიროებებსა და მათ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არცერთი იქნება. ყველა არის ორიენტირებული იმაზე, რომ გამდიდრდეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. მოქალაქეების კეთილდღეობა და მათი საჭიროებები უგულებელყოფილია. ეს საკადრო გადაადგილებები არის შიდა პარტიული დაპირისპირება, ივანიშვილის სხვადასხვა „კლანს" შორის გავლენების, ფინანსების, თანამდებობისთვის ბრძოლა. ამას არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობასთან. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 700-მდე თანამშრომელს უსამსახუროდ ტოვებდა, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნოს, ადამიანებს სამსახურის გარეშე ტოვებდა, აქ რა არის საამაყო?!", - აცხადებს ჩიხლაძე.

მას არ აქვს მოლოდინი, რომ ახალი მინისტრი ჯანდაცვის სისტემაში ძირეულ რეფორმებს განახორციელებს და არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

„ნებისმიერი ახალი მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის და მისი „კლანების" ინტერესების გამტარებელი იქნება, ხან ღარიბაშვილის და ხან სხვისი. სამწუხაროდ, ახალი მინისტრის დანიშვნას არავითარი საერთო არ ექნება ადამიანების კეთილდღეობასთან. არ არსებობს სისტემური ხედვა, არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესი. ამიტომ, სამწუხაროდ, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ ექნება",- განაცხადა ჩიხლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×