რეზონანსი
02.04.2024

საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებისთვის ემზადება. ინიციატივამ კომიტეტები უკვე გაიარა - ახლა დეპუტატები სასესიო განხილვებისთვის ემზადებიან. კანონპროექტის ავტორი "გირჩია", მათ იდეას კი მხარს სახელისუფლებო გუნდი უჭერს. ეს შეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და ოპოზიციურ პარტიას შორის ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შედგა. "გირჩი", "ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ, მზადაა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით იხელმძღვანელოს.

ოპოზიციის დიდი ნაწილი "გირჩის" ინიციატივაში პრობლემას ხედავს და მის მხარდაჭერას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ, პროექტით, პოლიტიკურ საქმიანობაში ქალების როლი იზღუდება და ირღვევა მათი უფლებები.

სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ კვოტირების გაუქმება ქალთა უფლებების შეზღუდვას არ ნიშნავს. მათი თქმით, ახლა პოლიტიკური პარტიები ქალების როლის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობას ინდივიდუალურად აიღებენ. მმართველი პარტიის ქალი დეპუტატები ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდი სამომავლოდ არც ამ პასუხისმგებლობას გაურბის და მეტიც, ახლაც აქტიურად მუშაობს ქალების უფლებების დაცვასა თუ გაძლიერებაზე.

"გირჩის" ინიციატივას უარყოფითად აფასებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ქალების უფლებებს იცავენ, ასევე - სახალხო დამცველი. მესამე სექტორში ამბობენ, რომ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, აუცილებელია, ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს საკანონმდებლო ორგანოში.

განმარტება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები პოლიტიკურ პარტიას აძლევს სრულ თავისუფლებას, საარჩევნო სია მეტი ქალით დააკომპლექტოს.

კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირას დაამტკიცებს. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, პარტიებს აქვთ ვალდებულება, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 ქალი იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×