რეზონანსი
03.04.2024

სამწუხაროდ, მდიდარი „ენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე, არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა არჩევნების დელეგიტიმაციის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააცნო.

„ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი.

„ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „დროას“, ფრანკლინის კლუბის, კანვასის ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს. „დროას“ დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება და საქართველოს კანონმდებლობაც ამ მიდგომით არის გაწერილი. ამ ფონზე, „დემოკრატიის ევროპული ფონდი“ (EED) სრულიად უხეშად მოქმედებდა და პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო მიზნებით თავხედურად აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიის ევროპულმა ფონდმა“ უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხვდებოდა ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, შესაბამისი „ენჯეოები“ იგივე წყაროებიდან რომ არ იღებდნენ დაფინანსებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×