
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც თარგმნიდა ბრიფინგს, პირდაპირ გააყალბა კანცლერის სიტყვები - იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს „აგენტების კანონი", მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„როცა ვსაუბრობდი ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ, მაგალითად, კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ მოხდა. ამის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე და წარმომადგენელი, ამის მიუხედავად, ის თარგმნიდა ბრიფინგს, პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე „ნაციონალები", ეს პრივილეგია - კანცლერის წინადადების გაყალბებისთვის. მან პირდაპირ გააყალბა კონკრეტული წინადადება. იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს „აგენტების კანონი", მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა. მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი. მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში. იმედი მაქვს, მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე", - აღნიშნა კობახიძემ.