რეზონანსი
21.04.2024

როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება“. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა: ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ ვართ, შევეშვათო , - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო მზად არ არის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, ხოლო კანდიდატის სტატუსი პროევროპელი ამომრჩევლისთვის „გადაგდებული ძვალია“.

„არ უნდათ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება. კანდიდატის სტატუსს კი ასე უყურებს ეს ხელისუფლება: „ეგდოს“, არაფერს აფუჭებს, ჩვენი პროევროპელი (და შეცდენილი) ამომრჩევლებისთვის გადაგდებული ძვალია, რათა არც ერთი ხმა არ დავკარგოთ არჩევნებში.

უკვე წლებია, ხელისუფლების მხრიდან მიდის ევროკავშირის „გაშავება“, ამ ფერხულში ჩართულია სახელისუფლო მედია, მოსყიდული „ექსპერტები“, სასამართლო, ბობოლა სასულიერო პირები, ტროლ-ბოტები...

თუმცა, ფაქტია: ხელისუფლების ანტიევროპულმა ისტერიამ ვერ შექმნა დომინანტური საზოგადოებრივი აზრი, ვერ ჩამოაყალიბა პარადიგმა, ვერ წარმოშვა ბუნებრივი აქტივიზმი... რაც მთავარია, ანტიევროპული ისტერიის გავლენიდან არსებითად ამოვარდნილი აღმოჩნდა ახალგაზრდა თაობა. სწორედ ამას ვუყურებთ ახლა ჩვენ”, - წერს კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

“ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი , ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან,რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×