რეზონანსი
24.05.2024

პოლიტიკოსების დასანქცირებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარდამავალი დროშასავით ხელისუფლებასთან მოფრიალე ბიზნესმენების დასანქცირებაც - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისი თქმით, „ბიზნესმენების უდიდესი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდნენ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, რისთვისაც შევარდნაძის მთავრობამ ჩაიხუტა და დაასაჩუქრა ქართველი ხალხის ქონებით".

„ამ ბიზნესმენებს არც სააკაშვილის დროს უგვრძვნიათ უხერხულობა. პირიქით, უფრო მეტი ქონება მიითვისეს და ლამის სახელისუფლო სტრუქტურების წარმონაქმნები გახდნენ.

მოლოდინის მიუხედავად, „ქართული ოცნების" პირობებში არც სახეები და არც მოცემულობა შეცვლილა.

უფრო მეტიც, დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მათ გადმოიბარეს და განაგრძეს ქვეყნის და ხალხის ძარცვა.

ამ ორი მონსტრის შეხმატკბილებული საქმიანობის შედეგად კი, სასოწარკვეთილი, იმედდაკარგული, სამშობლოდან გაქცეული მოსახლეობა მივიღეთ.

საქართველოში ამ მოცემულობაში, ბიზნესმენები ფაქტობრივად თანამდებობის პირები გახდნენ.

სწორედ ამიტომ ეს ბიზნესმენებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე, უკვე დასანქცირებულ პოლიტიკოსებთან ერთად.

ეს ბიზნესმენები, მუდმივად ხელისუფლების ძალადობას უჭერენ მხარს, ახალისებენ ქართული სახელმწიფოს მიტაცებას ჩინოვნიკების მხრიდან,

ასეთი ბიზნესმენები უნდა იყვნენ დასანქცირებული "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებთან ერთად.

ანალოგიურად მოხდა რუსეთში, პოლიტიკოსების დასანქცირებას, მათთან დაკავშირებული ბიზნესმენების დასანქცირება მოჰყვა.

სანამ „მონა ბიზნესმენები" ითვლებიან ქვეყანაში ყველაზე წარმატებულ ადამიანებად, ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და განვითარება მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება.

მომავალი თაობისთვის ისეთი ბიზნესმენების საქმიანობა უნდა იყოს სამაგალითო, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მხარს უჭერენ მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მებრძოლ და თავისუფლებისმოყვარე ერს არ შეიძლება ჰყავდეს მონა ელიტა, არც პოლიტიკაში, არც ბიზნესში!" - წერს დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×