
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.
„[ენტონი ბლინკენის] გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ. [სანქცირებულთა] სიას არ ვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. ეს [შეზღუდვები] ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.