რეზონანსი
11.06.2024

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენი გეგმიური სასწავლო-საბრძოლო ფრენის დროს ჩრდილოეთ ოსეთში მთას შეეჯახა, რის შედეგადაც მისი ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. აღნიშნულ შემთხვევას სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ეხმაურება და თავის ბლოგში წერს:

"45-ტონიანი რუსული ბომბდამშენის კატასტროფის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თავად რუსი გენერლები თვიმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ, თუმცა ბევრს გაუჩნდა მოსაზრება, რომ ისევ უკრაინელმა მეზენიტეებმა იმარჯვეს და კიდევ უფრო რეკორდულ სიშორეზე ჩამოაგდეს ერთ-ერთი იმ რუსული Су-34-დან, რომლებიც რამდენიმე თვეა დიდ ზიანს აყენებენ უკრაინის დამცველების პოზიციებს ფრონტის ხაზზე და ასევე უკრაინულ ქალაქებს, პლანირებადი საავიაციო ბომბებით...

რუსეთ-უკრაინის ომში უკვე 27 ერთეული რუსული Су-34 საფრონტო ბომბდამშენია განადგურებული და კიდევ ერთი ამგვარის ჩამოგდება არავის გაუკვირდებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი...

რუსული Су-34 11 ივნისის გამთენიისას აფეთქდდა ჩრდილოეთ ოსეთის მთიანი ძუარიკაუს მიდამოებში, რომელიც 600 კმ-ზე მეტადაა დაშორებული უკრაინის ფრონტის ხაზიდან და რამდენადაც მოხერხებულნი არ უნდა იყვნენ უკრაინელი მეზენიტეები (მათ ხომ 300 კმ-ზე მეტი მანძილიდან „ჩამოხსნეს“ ციდან რუსული „ავაქსი“), ამ სიშორეზე მაინც ვერ მისწვდებოდნენ კატასტროფაგანცდილ რუსულ საფრონტო ბომბდამშენს.

ამიტომაც ეს შეიძლება მართლაც ჩვეულებრივი ავიაკატასტროფა იყოს და არა საბრძოლო დანაკარგი, მაგრამ აქ სხვა კითხვა ჩნდება: რას აკეთებდა ღამით რუსული ბომბდამშენი საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრიდან სულ რაღაც 30-იოდე კმ-ში?

სწორედ ეს მანძილი აშორებს ჩრდილოეთ ოსეთის მთიან ძუარიკაუს საქართველოს საზღვრამდე,ზემო ლარსის მიმართულებაზე...

რუსული Су-34 -ის ეკიპაჟი ღამით მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან აფრინდა და ისეთ რა „სასწავლო-საბრძოლო ფრენას“ ახორციელებდა, რომ საქართველოს საზღვართან ასე ახლოს მთას შეასკდა?

ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერი იმას ამტკიცებს, რომ ეკიპაჟი „სასწავლო-საბრძოლო ფრენას“ კი არ ახორციელებდა, არამედ ეს ბომბდამშენი ერთი აეროდრომიდან მეორეზე გადაჰყავდა, მაგრამ მოზდოკიდან აფრენისა და სამხრეთით, საქართველოსკენ გეზის აღების შემდეგ, სად უნდა დაესვათ ის?

გაჩნდა თითქმის ფანტასტიკური ვერსიაც, თითქოს ამ Су-34 -ის გადაბაზირება სირიაში უნდა მომხდარიყო, რაც ძალზე წარმოუდგენლად მოჩანს -მოზდოკიდან სირიის ჰმეიმიმის აეროდრომამდე, სადაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბაზაა განთავსებული, 1200 კმ-მდეა უმოკლესი გზა და თანაც ის საქართველოსა და თურქეთის საჰაერო სივრცეებზე გადის-ძნელი დასაჯერებელია თბილისსა და ანკარას ამის უფლება მიეცათ რუსეთისთვის. როგორც წესი, მოზდოკიდან აფრენილი რუსული სამხედრო თვითმფრინავები ჯერ გადიან კასპიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე, შემდეგ შეფრინდებიან ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეებში ამ ქვეყნების ხელისუფალთა ნებართვით და ამის შემდეგ ეშვებიან სირიის ჰმეიმიმის აეროდრომზე.

თუკი გამოირიცხა სირიაში გადაფრენისა და სასწავლო საბრძოლო ფრენის ვარიანტები, ხომ არ გაჩნდება ვერსია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მთას შეჯახებულ რუსული Су-34 საფრონტო ბომბდამშენის ეკიპაჟის სპეციალური დავალება ჰქონდა მიცემული... საქართველოს ცაში შემოსაჭრელად სხვა „სასწავლო-საბრძოლო ფრენის“ ელემენტების დასამუშავებლად?“ - წერს ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×