რეზონანსი
10.07.2024

წინააღმდეგობა თვალშისაცემია, ყველა ლაპარაკობს გაერთიანებაზე და ცოტა ვინმე თუ ერთიანდება, - ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, თუ ოპოზიცია არჩევნებზე 3-ზე მეტი პოლიტიკური ცენტრით გავა, გამარჯვება გაცილებით უფრო რთული იქნება.

„ვფიქრობ, იდეალური იქნებოდა ერთიანი ძალით, ერთიანი სიით დაპირისპირება „ოცნებასთან", ეს არჩევნების შედეგების მანიპულირების საშუალებას სერიოზულად შეზღუდავდა. ეს ვერ შედგა და ახლა ვფიქრობ, რომ იდეალური კონფიგურაცია იქნება თუ, 3 ძლიერი ცენტრით წავა ოპოზიცია არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ თუ არჩევნებზე მივიდა 70%-ზე მეტი ამომრჩეველი, ეს იქნება ოპოზიციის პრაქტიკულად გარანტირებული გამარჯვება. ის ხმები, რომელიც იქნება გამოყენებული საარჩევნო პროცესში, იძლევა სრულ გარანტიას, რომ სამი ძლიერი ცენტრი შევიდეს პარლამენტში და გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც პრინციპში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წინაპირობაა.

გაერთიანება ძალიან რთული კონსულტაციების და მოლაპარაკებების საკითხია. გარედან ჩვენ შეიძლება ძალიან გვინდოდეს და ვფიქრობდეთ, რომ რატომ არ თანხმდებიან, რა უშლით ხელს, მაგრამ იმდენი შიდა დინებებია, ალბათ, რთულია.

ჩვენი, როგორც რიგითი ამომრჩევლების, თხოვნაა პოლიტიკური პარტიების მიმართ, ხელი შეუწყონ პოლიტიკური პროცესების კონსოლიდაციას, სამი ძლიერი ცენტრის ჩამოყალიბებას, რათა ერთი მხრივ მიიზიდონ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი არჩევნებზე და მეორე მხრივ, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გასაგები პალიტრა. ჩვენი ამომრჩევლის ინტერესი დაფარული უნდა იყოს სამი ძალით, ვფიქრობ, რომ ოთხი და ხუთი ცენტრისთვის იქნება გაცილებით უფრო რთული. წინააღმდეგობა თვალშისაცემია, ყველა ლაპარაკობს გაერთიანებაზე და ცოტა ვინმე თუ ერთიანდება. იმ პარტიებს, რომლებიც ვერ გაერთიანდებიან რომელიმე დიდ ცენტრში, აქვთ ორი გამოსავალი: პირველი, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, გარანტირებულად ვერ გადალახონ ბარიერი, შესაბამისად, მისი ხმების უდიდესი ნაწილი ჩაეთვლება „ქართულ ოცნებას" და მეორე, თუ ვერავისთან ვერ ერთიანდებიან, უბრალოდ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×