რეზონანსი
10.07.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს საიუბილეო სამიტი იძლევა შესაძლებლობას, აშშ-მა, პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამავდროულად, ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინას, რათა დაიცვას საკუთარი თავი.

„გრძელდება ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო სამიტი, რომელიც დაიწყო გუშინ და დღის დასასრულს გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით საიუბილეო, საზეიმო მიღება. ყველა პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, საქართველოც ესწრებოდ ამ ღონისძიებას. როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. მიმაჩნია, რომ გუშინდელი დღეც ამ თემატიკით იყო დატვირთული, რადგან, როგორც ვთქვით, უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა, ძლიერი სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ აშშ-მა, პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა, უკრაინისადმი სოლიდარობა, მეორე მხრივ, ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინას, რათა დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის მთავარი თემა სამიტის ფარგლებში. მოხარული ვართ, რომ საქართველო ესწრება, მოწვეულია სამიტზე სხვა პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ერთ-ერთი მთავარი არის ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია.

„საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა. ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზია. ამ ღონისძიებების ფარგლებშიც მქონდა კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. დღეს გაიმართება სახელმწიფო მდივან ბლინკენის სახელით მრგვალი მაგიდა, სადაც პარტნიორი და წევრი ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ერთ-ერთი მთავარი ეს არის ჩვენი ნატო-ში ინტეგრაცია, სწრაფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველო თანმიმდევრულად, პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივან ბლინკენის ხელმძღვანელობით გასამართ მრგვალ მაგიდას, ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს არის ძალიან ინტერაქციული შეხვედრა, სადაც მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა, გაცვალონ მოსაზრებები სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ყოველთვის აქვს მზაობა, მსგავსი ტიპის დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა, რომელიც საგარეო მინისტრებისთვის მთავარი სადისკუსიო პლატფორმაა, მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ჩვენს პარტნიორებს კიდევ ეერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რეალობად ვაქციოთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ღონისძიებების ფარგლებში ასევე აქვს შესაძლებლობა, საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის თემატიკაზეც გამართოს შეხვედრები.

„დღეს მქონდა ევროკავშირის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის, მასთან ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა. მადლობა გადავუხადე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში. მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ძალიან ცალსახა პოზიცია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რათა მოემზადოს იმ მომენტისთვის, როცა ევროკავშირი გადაწყვეტს გაფართოებას, საქართველო იყოს მზად და საქართველო იყოს მიმზიდველი თავად ევროკავშირისთვისაც", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×