
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და თავის ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ის, რაც ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხდება (განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით, 95 მლნ-ის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება) ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე არის მიმართული ე.წ. დაშანტაჟებისთვის.
თუმცა აქ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხარით, რომ ერთის მხრივ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და თავის ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება. ეს ის საზოგადოებაა საქართველოში, რომელმაც სწორად განჭვრიტა ის დეზინფორმაცია, რაც მოდიოდა საქართველოზე, რომ აქ უკრაინიზაცია უნდა მომხდარიყო. ახლა რომ ჩვენ გვასწრებს უკვე რადიკალური ოპოზიცია ე.წ. "რუსეთუმეობაში", რომ თურმე ყველაფერი პრაგმატული კარგი ყოფილა საქართველოსთვის, აი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს საზოგადოებამ ეს პოზიცია შეინარჩუნა.
საზოგადოებას ჩვენ ვეუბნებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად, მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან," - განაცხადა მაჭარაშვილმა.