რეზონანსი
04.08.2024

გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ვენესუელაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც უკვე ერთი კვირაა, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა მოუწოდებს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მათი თქმით, აუცილებელია, არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა დადასტურდეს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციამ შეაგროვა შევსებული საარჩევნო ბიულეტენების 80 პროცენტი და ეს დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მათ გაიმარჯვეს.

„აუცილებელია დოკუმენტაციის გამოქვეყნება. ეს შემოწმება საჭიროა ვენესუელელი ხალხის ნების აღიარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, განცხადებაში ევროკავშირის შვიდი ქვეყანა გმობს ვენესუელის მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებას.

არჩევნების შემდეგ გამართულ მიტინგებზე ამ დროისთვის დაკავებულია 2000 ადამიანი.

ცნობისთვის, ვენესუელის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნებში 52 პროცენტიანი მხარდაჭერით ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.

დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები სათანადოდ გამჭვირვალედ არ ჩატარებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×