თაღლითური „ქოლ-ცენტრების" საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩართულია არაერთი უწყება. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, - განაცხადა „ქრონიკაში" პროკურორმა ზინიკო ქობულიამ.
„მოცემულ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური „ქოლ-ცენტრების" საქმიანობის შედეგად დაზარალებულია ათეულობით ევროპელი მოქალაქე და საერთო ჯამში ზიანმა შეადგინა სამ მილიონ ევროზე მეტი", - აღნიშნა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, საქმე გვაქვს ორგანიზებულ, კარგად შეთანხმებულად მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელსაც ჰქონდა რთული კომპლექსური სტრუქტურა.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის როლები და ფუნქციები იყო გადანაწილებული", - აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით, საქმე გვაქვს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან და გერმანელი კოლეგების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო.
„დაჯგუფების მიერ ჩადენილია ტრანსნაციონალური დანაშაული, შესაბამისად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა. სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი სწორედ მოწოდებულია, მათ შორის, გერმანელი კოლეგების მიერ. მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადასტურდა ფაქტი, რომ ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში შექმნა დანაშაულებრივი ჰაბი, მსხვილი ქოლ-ცენტრის სახით, რომლის ძირითად და მთავარ მიზანს წარმოადგენდა ევროპელი დაზარალებულების კუთვნილი თანხებისა და დანაზოგების თაღლითურად დაუფლება.
მოცემულ საქმეში საგამოძიებო მოქმედებები, საგამოძიებო მიმდინარეობა წარიმართა გერმანელ კოლეგებთან კოორდინაციაში და მოცემულ შემთხვევაში, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება მათთან კოორდინაციაში", - აღნიშნა პროკურორმა.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.