ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის" არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან", ვერ ითანამშრომლებს, ნებისმიერმა ნახოს, ვინ იყო გვარამია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „პარლამენტში არჩეული კოალიციის არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს „ქართული ოცნების" რეჟიმთან, რასაც ხელმოწერებით ვადასტურებთ".
„არ ითანამშრომლებენ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ვერ ითანამშრომლებენ, რადგან მათ პროგრამაში არც წარსულში და არც აწმყოში ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის მომტანი არ გაუკეთებიათ - არც განცხადებით და არც კონკრეტული საქმიანობით. ფაქტები წინ დევს, თავისუფლად შეიძლება, ნებისმიერმა დაინტერესებულმა ადამიანმა ნახოს, ვინ არის გვარამია, ვინ იყო და რას აპირებს. მისი საქციელი და კამერის წინ კეკლუცობა აბსოლუტურად სცილდება შინაარსს, რომელიც ვიხილეთ იმ რეჟიმის დროს. ადამიანის დაჩაგვრა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო და გვარამიაც ამას ემსახურებოდა. დღეს ამისი რესურსი არ აქვს, თუმცა ყველა ნიშანია, რომ პარლამენტში თუ მოხვდა, არა თუ ვერ ითანამშრომლებს, არ უნდა ითანამშრომლოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.