"გასაქცევად ხელნაკეთი თოკი და კიბე გამოიყენეს, რაშიც გარეთ მყოფი თანამზრახველები დაეხმარნენ", - ამის შესახებ ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გაერთიანების პრეზიდენტი საუბრობს და გაქცეულ პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა შორისაც ერთი ქართველია, ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
ფრედერიკო მორაისის ცნობით, პატიმრებმა "გადაძრომა შეძლეს, რადგან იმ კონკრეტულ ადგილას არ არის საგუშაგო ბლოკი".
კიდევ ერთი ადგილობრივი მაღალჩინოსნის განცხადებით კი "გაქცეული მსჯავრდებულები ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავისუფლებაზე იყვნენ. პატიმრები ადამიანის მკვლელობაზეც მზად არიან".
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. ციხე, საიდანაც პატიმრები გაიქცნენ "მაღალი უსაფრთხოების" მქონეა, მას სხვა დაწესებულებებთან შედარებით მაღალი (6-მეტრიანი) კედლები აქვს.
შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ გაქცეულებს გარედან აღმოუჩინეს დახმარება, რაშიც სამი ეჭვმიტანილი იყო ჩართული, მათ გამოიყენეს კიბე და თოკი, ვარაუდობენ, რომ ოპერაციაში ასევე ორი მანქანა მონაწილეობდა.
მედია წერს, რომ გაქცეული ქართველია შერგილ ფარჯიანი, მასთან ერთად დაწესებულებიდან გაიქცა ორი პორტუგალიელი, ასევე ბრიტანეთისა და არგენტინის მოქალაქეები.
ციხის დაცვის კორპუსის ეროვნული კავშირის პრეზიდენტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ გაქცეულები უკიდურესად საშიშები არიან და თუ მათ შენიშნავენ, მიმართონ ხელისუფლებას.
"მთავარი არხი"