82 წლის ასაკში КВН-ის ("მხიარულთა და საზრიანთა კლუბი") წამყვანი და ხელმძღვანელი - ალექსანდრ მასლიაკოვი გარდაიცვალა. „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ პირველი სატელევიზიო ეთერი 1961 წლის ნოემბერში შედგა და გადაცემა ძალიან მალე იქცა კულტურულ ფენომენად.
ალექსანდრ მასლიაკოვი თამაშებში მოსკოვის ინჟინერთა ინსტიტუტის მხარდამჭერი იყო. სწორედ ამ წრესთან მეგობრობა დაეხმარა მას ტელევიზიაში მოხვედრილიყო მაშინ, როცა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალბერტ აქსელროდის შემცვლელს ეძებდნენ.
ტელევიზიის ხელმძღვანელებს სტუდენტი მასლიაკოვი მოეწონათ და რედაქციაში დაასაქმეს. 1972 წელს, "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის დახურვის შემდეგ, მან დატოვა ტელევიზია, თუმცა 1970-იან წლებში მაყურებელმა ის ეკრანზე ისევ იხილა. როგორც ცნობილია, 1986 წელს, შოუს წამყვანის სტატუსის გარდა, ის კლუბის ერთადერთი მფლობელი გახლდათ. 1990-იან წლებში კი მასლიაკოვმა შეძლო და КВН-ის საავტორო უფლება მოიპოვა. როგორც ამბობენ, ეს ისე გააკეთა, რომ ნებართვა თანაავტორებისთვის არც უკითხავს.
როგორც ცნობილია, ეს სახალისო პროექტი ჟურნალისტმა სერგეი მურატოვმა, ალბერტ აქსელროდმა და მიხაილ იაკოვლევმა 1961 წელს მოიფიქრეს, მასლიაკოვი კი მხოლოდ თანაწამყვანი იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის ტელეწამყვანი ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.
მასლიაკოვი შემოქმედებითი გაერთიანება АМиК-ის თანამფლობელი გახლდათ. 2024 წელს კი მისი ხელმძღვანელი წამყვანის შვილი, ალექსანდრე მასლიაკოვი-უმცროსი გახდა.