ინდოეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ ინფორმაცია უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია „სპეკულაციად“ და „შეცდომაში შემყვანის მცდელობად“ შეაფასა.
უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ინდოეთი უნაკლოდ იცავს საერთაშორისო ვალდებულებებ იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და აქვს ექსპორტის საკუთარი მკაცრად გაწერილი წესები.
„როიტერის“ მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპელი მყიდველები ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდულ საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში აგზავნიდნენ, ხოლო ნიუ-დელი, მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ამაზე თვალს ხუჭავდა.
„როიტერმა“ ასეთი დასკვნა 11 ინდოელ და ევროპელ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენელთან საუბრისა და საბაჟო მონაცემების საკუთარი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა.