გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ელჩმა ლიბანში, ფრანკ მოლენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დარჩენა საშიშია და მოქალაქეებს გამგზავრება ურჩია, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. მისივე თქმით, ჯერჯერობით ნიდერლანდები არ გეგმავს საევაკუაციო რეისის ორგანიზებას, რადგან ეს ჩაითვლება უკიდურეს ზომად, რომელსაც „მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არაფრის გაკეთება აღარ არის შესაძლებელი“.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2 ოქტომბერს დანიშნა პირველი საევაკუაციო რეისი ლიბანიდან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება ლიბანში შეიძლება „სწრაფად გაუარესდეს“.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლავე გაემგზავროთ, რადგან შემდგომი ევაკუაცია შეიძლება არ იყოს გარანტირებული“, – განაცხადა ლემმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბეირუთში გააგზავნა სპეციალური სამხედრო თვითმფრინავი კოლეგებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე გერმანული პარტნიორი ორგანიზაციების წევრების ლიბანიდან გამგზავრების მხარდასაჭერად.
„ასევე ევაკუირებული იქნებიან გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობაში არიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მოუწოდა იტალიის მოქალაქეებს, დატოვონ ლიბანი და ისარგებლონ კომერციული რეისებით ბეირუთიდან მილანში ან რომში.
„ამ მომენტში კარგია ქვეყნის დატოვება, რადგან სიტუაცია მართლაც რთულია, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამიტომ, მაქსიმალური გარანტიისთვის, კარგი იქნება, თუ იტალიელი მოქალაქეები ლიბანს დატოვებენ“, – აღნიშნა ტაიანიმ.
ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია წამოიწყეს ლიბანის სამხრეთში.