ბოლო დღეების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საკითხზე მანიპულაციები დაიწყო. ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან, ჩვენი თანამემამულეები შეცდომაში არიან შეყვანილნი.
„საარჩევნო უბნების შექმნას აქვს ერთადერთი წინაპირობა და ეს არის არანაკლებ 50 საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც ცესკო-სთვის ხდება საფუძველი და ცესკო-ს შესაბამისი წევრების მხარდაჭერა რომ არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 6 500-ზე მეტი პირი დარჩებოდა არჩევნებში მონაწილეობის გარეშე. მოხდა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეცდომაში შეყვანა, თითქოს პირადი განცხადებებით, 50 ხელმოწერით შესაძლებელი იყო დამატებითი უბნის შექმნა. მაშინ, როდესაც ჩვენი კანონმდებლობა დამატებითი უბნების შექმნას არ ითვალისწინებს და არათუ ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არამედ ევროპის, თუ მსოფლიო მასშტაბით არის მხოლოდ ერთი-ორი იზოლირებული საგამონაკლისო შემთხვევა, სადაც ასეთი ტიპის გამონაკლისი არსებობს და ისიც გარკვეული განაწესებით, თუ კრიტერიუმებით, რომელიც დღეს ჩვენს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ არის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, მანიპულაციის საგანი გახდა ასევე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რაოდენობის საკითხიც, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე 128 000-ზე მეტი საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირი იძებნება და თითქოს, ცესკო 65 000-ის მოწოდებაზე საუბრობს.
„რეალურად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზეც გააკეთა თავისი განმარტება, რომ იქ არის 18 წლამდე მყოფი პირები და პირები, რომლებსაც როდესმე თუ ჰქონიათ საკონსულო აღრიცხვა, ასევე იმყოფებიან იმ სიაში. ამით სრულად გაეცა პასუხი ამ საკითხს, მაგრამ ზოგიერთი დაინტერესებული პირი ამ საკითხით მანიპულაციას მაინც აგრძელებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.