"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ საზღვარგარეთ უბნების გახსნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ განცხადება გააკეთა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო ემიგრანტების კონსტიტუციურ უფლებას მაინც დაიცავს.
ჩვენ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ვაგრძელებთ ემიგრანტთა საარჩევნო ხმის დაცვას. დღეს სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან კანონი გვაძლევს უფლებას, რომ გავასაჩივროთ ცესკოს განკარგულება უბნების არ გახსნასთან დაკავშირებით, ე.ი კანონი იძლევა საშუალებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ იმსჯელოს ამ საკითხებზე და გახსნას უბნები. აქედან გამომდინარე, დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დავიტოვებთ იმ მცირე იმედს, რომ ისინი მაინც დაიცავენ ამ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.” - განაცხადა თამარ კორძაიამ.