თავდასხმები ისრაელის საელჩოებთან - სტოკჰოლმში სროლა იყო, კოპენჰაგენში კი ორი ხელყუმბარა აფეთქდა.
შვედეთის პოლიციის ინფორმაციით, ესროლეს საელჩოს შენობას. უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და დაწყებულია გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში იარაღის გამოყენებით დანაშაულის, გარშემომყოფთათვის საფრთხის შექმნისა და უკანონო მუქარის ფაქტზე.
პოლიციას არავინ დაუკავებია, მაგრამ მათი თქმით, რაიონი სათვალთვალო კამერების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და პოლიცია აქტიურად აგროვებს და აანალიზებს მასალას.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ კვალი, რომელიც მიუთითებს სროლაზე ისრაელის საელჩოსთან ახლოს, მაგრამ არ გვსურს გავამჟღავნოთ, კონკრეტულად რა კვალი იქნა აღმოჩენილი, რადგან გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის პრეს-სპიკერმა რებეკა ლანდბერგმა.
კოპენჰაგენში კი ისრაელის საელჩოსთან ორი ხელყუმბარა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. როგორც ირკვევა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო პოლიციამ წინასწარი გამოძიება დაიწყო.
ისრალეში მიმდინარე მოვლენებსა და კოპენჰაგენში მომხდარს შორის ამ ეტაპზე კავშირი არ დგინდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.