2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. გამოჩენილ მწერალსა და კინორეჟისორს 70 წელი შეუსრულდებოდა. გოდერძი ჩოხელი 17 წლის წინ გარდაიცვალა და მთელ ქვეყანას გული დასწყვიტა. მაშინ საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თქვა: "გოდერძი ცრემლია, რომელიც დაეცა სამთავროს მიწას... ის ცრემლი ოჯახისთვისაც და საქართველოსთვისაც მალე ნაყოფს გამოიღებს“.
გოდერძი ჩოხელი 1954 წელს სოფელ ჩოხში დაიბადა და სკოლაც იქ დაამთავრა. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან გადავიდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა.
1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1979 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად; 1980 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "წერილი ნაძვებს" (1980); წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა; გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "ბინდისფერი ხეობა" (1981), "თევზის წერილები" (1989), "შემინახე, დედაო მიწავ!" (1991), "სულეთის კიდობანი", "არჩევნები სასაფლაოზე"; ლექსების კრებული "ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე "შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: "მგელი" (1988), "მღდვლის ცოდვა" (1990), "ადამიანთა სევდა" (1984), "სულეთის კიდობანი".
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. მათ შორის გამორჩეულია "ადამიანთა სევდა", ლუკას სახარება", "სამოთხის გვრიტები".