საქართველოს ისტორიაში პირველად, საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო აეროპორტის უმაღლესი კატეგორიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეიდან ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.
ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურით, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს.
„დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში. საქართველოს ექვსი აეროპორტიდან ოთხში ერთდროულად იწყება ფართო მასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები: თელავში და მესტიაში აშენდება ახალი ტერმინალები. ხოლო ქუთაისში იწყება ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ახალი ინფრასტრუქტურით, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს.
ჩვენ გვაქვს საავიაციო ბიზნესის სტაბილური ზრდა, რამაც განაპირობა არა ერთი მსოფლიო დონის ავიაკომპანიის შემოსვლა ჩვენს აეროპორტებში", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისივე განმარტებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე.წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს.
„აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია - 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.
ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება. რის შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში,რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.