ყველა ერთად გავერთიანდეთ, რომ 13 დღეში რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ საქართველოდან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან მოქალაქეებს „ძლიერი საქართველოს" პროგრამა - „ილიას გზა" გააცნო და ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა კოალიციამ, რათა 2024 წლის 26 ოქტომბერს მომზადებული შეხვედრილიყო.
მან მოქალაქეებს მიმართა, რომ მათი როლი გადამწყვეტია.
„რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ყველა ძალა, არჩევნების მერე კი არ დაგვეწყო კოალიციაზე ფიქრი, არამედ მანამდე დაგვეწყო კოალიციის მშენებლობა და გვეჩვენებინა ჩვენი ამომრჩევლისთვის, როგორ შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა საერთო მიზნის გარშემო საერთო ენა ნახონ, საერთო პროგრამა. ჩვენ, პარტია "ლელომ", ანა დოლიძის პარტიამ "ხალხისთვის", ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებმა" და"თავისუფლების მოედანმა" ლევან ცუცქირიძის ლიდერობით, გავერთიანდით ჩამოვაყალიბეთ დიდი კოალიცია "ძლიერი საქართველო", რომელსაც შემოუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიმსჯელეთ და შევქმენით პროგრამა, რომელსაც დავარქვით "ილიას გზა". დიახ!
რატომ არის სულ ჩვენს ქვეყანაში არასტაბილური ამბები, რატომ არის, რომ მუდმივად უამრავი რამ გვაშინებს? იმიტომ, რომ არასდროს გვქონია სტაბილური ხაზი, რომელიც გამოხატავს ჩვენს ეროვნულ მისწრაფებას, სულისკვეთებას და იმ სულს, რომელიც საქართველოში არის და რომელიც ილიამ ჯერ კიდევ 150 წლის წინ დაგვიტოვა. 117 წლის წინ მოკლეს ილია, მაგრამ მისი ეს იდეა ვერ მოკლეს.
მერე იყო საბჭოთა კავშირი, მერე იყო რევოლუცია, რომელმაც მთელი ელიტა გაგვინადგურა, მერე იყო ეროვნული მოძრაობის გამონათება, ეროვნული მოძრაობის, სადაც სამეგრელომ გადამწყვეტი როლი ითამაშა და მერე ისევ სტაგნაცია,ისევ პატარა გამონათება და ისევ ძალადობა იმიტომ, რომ ჩვენ სულ გვავიწყდებოდა ის ხაზი, რომელსაც ილიას ხაზი ჰქვია. ამიტომ ჩვენს პროგრამას დავარქვით "ილიას გზა:, რომელიც არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყებს მოქმედებას და ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ განათლებაში, ეკონომიკაში, როგორ უნდა დავამთავროთ სწრაფად ანაკლიის პორტი, არამარტო პორტი, არამედ უზარმაზარი ქალაქი ანაკლიის უკან, რომელიც იქნება პირველი გაჩერება სოხუმისკენ მიმავალ გზაზე. ეს უნდა გვახსოვდეს და თქვენ უნდა ითამაშოთ გადამწყვეტი როლი, თქვენ!
სამეგრელოს გაძლიერების გარეშე ქვეყნის გაერთიანება არ არსებობს ამიტომ მე თითოეულ თქვენგანს უნდა მოგმართოთ, რომ თქვენი როლი საქართველოს ისტორიაში არის გადამწყვეტი, არავის ვაკნინებ, გადამწყვეტი როლია იმიტომ, რომ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ისეთი პროექტების განხორციელება რომლებიც მართლა განაცვიფრებს ქვეყანას", - დასძინა ხაზარაძემ.
„ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გამოსვლაში ისაუბრა თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნამდვილი თვითმმართველობა უნდა დაიწყოს ისე, რომ ქვეყანა განვითარდეს თანაბრად.
"რამდენიმე კილომეტრში, წალენჯიხაში ჩვენ მოვახერხეთ რომ იუვენტუსის მსოფლიო აკადემია დაგვეფუძნებინა, ზუგდიდში შესაძლებელია უზარმაზარი სახელების ჩამოყვანა. თუ ჩვენ მოვახერხეთ, რომ წალენჯიხაში გავხსენით IT სკოლა, რომელიც არის ჩვენი შვილების მომავლის პროფესია, ინოვაციების ტექნოლოგიების, ასეთი სკოლები უნდა იყოს ყველა მუნიციპალიტეტში.. თუ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ კოალიცია შევქმენით ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ მუნიციპალიტეტში, ეს ძალაუფლება უნდა გადავიდეთ თითოეულ მუნიციპალიტეტში: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ადგილზე რა გჭირდებათ, როგორ გჭირდებათ, რა ინვესტიცია, ფული როგორ უნდა დახარჯოთ, როგორი ინვესტორი უნდა მოიზიდოთ და ა.შ..
ნამდვილი თვითმმართველობა უნდა დაიწყოს ქვეყანაში ისე, რომ ქვეყანა განვითარდეს თანაბრად და არ იყოს თბილისი რაღაც თავკომბალა კონგლომერატი", - აღნიშნა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხედვებიც გააცნო და ისაუბრა რუსულ გავლენაზე.
„მე მინდა გითხრათ შემდეგი, უახლოეს 13 დღეში ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ის, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ჩვენ გარშემო მყოფ თითოეულ ადამიანს იმიტომ, რომ ჩვენი თავი უნდა დავიხსნათ იმ რუსული გავლენისგან რომელიც ქვეყანაში არის გამეფებული.
37 000 რუსული კომპანია შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში. თქვენ იცით, მე ბიზნესიდან მოვდივარ და თავისუფალი ბიზნესის მომხრე ვარ, მაგრამ როცა 37000 რუსული კომპანია იქმნება, რუსები, რომლებსაც არანაირი სავიზო რეჟიმი არ ააქვთ დაწესებული საქართველოში შემოსვლისას, როცა ჩვენ სამეზობლოს ყველას აქვს თან ერთი წლის მერე ბინადრობის უფლება შეიძლება აიღონ, ყიდულობენ იმ მიწებს, რომლებიც პრიორიტეტში ქართველების და ჩვენი მოქალაქეების უნდა იყოს, სამუშაო ადგილებს იკავებენ, მე ამის მომხრე ვარ თუ ეს არის ნორმალურად დარეგულირებული, მაგრამ როცა ნორმალურად დარეგულირებული არ არის, როცა 20%ს ოკუპირებული, როცა 117 000 ადამიანი გასულია ქვეყნიდან და მის ადგილს იკავებენ ის ადამიანები, რომლებმაც სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ქვეყანა დაგვიქუცმაცეს, იქ სერიოზული პოლიტიკაა გასატარებელი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენი, "ილიას გზის" პუნქტებს, რომლებიც რუსულ გავლენას შეამცირებს საქართველოში", - განაცხადა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 9 პუნქტის შესრულება იქნება მისი კოალიციის მთავარი ამოცანა, რომ ქვეყანა სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში.
„ასევე მინდა გითხრათ, რომ ნომერ პირველი ამოცანა იმ 9 პუნქტის შესრულება იქნება, რომელიც ევროკავშირში ჩვენის სწრაფი ინტეგრაციის პროცესს დაიწყებს და თქვენ იცით რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვმუშაობთ ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენი მომავალი, ისევე როგორც წარსულში ვიყავით ჩვენ ევროპული ქვეყანა, ჩვენი მომავალი არის ევროპული სივრცე. ჩვენი კულტურის, მამულის, ენის, ტრადიციების, სარწმუნოების დაცვა მხოლოდ ამ სივრცეშია შესაძლებელი, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ნორმალურ გარემოში ჩვენ ვართ უნიჭიერესი ხალხი, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც ცოტა სჭირდებათ, რომ თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მართლა განაცვიფრონ მთელი მსოფლიო. აი, ამისათვის გვჭირდება ჩვენ ევროპა და რაც ყველაზე მთავარია, სტაბილური მშვიდობისთვის გვჭირდება ჩვენ ევროპა", - აღნიშნა მან.
ხაზარაძემ ისაუბრა მისი კოალიციის პროგრამის იმ ნაწილზე, რომელიც პენსიებს ეხება.
„ჩვენი გეგმის მიხედვით და ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ გადაწყვიტოს ჩვენი პენსიონერების ბედი. ჩვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების ბედი, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროს ქუჩაში იდგნენ იშრომეს, იღვაწეს, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და დღეს სახელმწიფოს ეს ხალხი მიტოვებული ჰყავს . დღეს მათი არჩევანი რა არის? ან უნდა აირჩიონ საკვები ან წამალი 315-350 ლარის ფარგლებში. ეს წარმოუდგენელია. სიბერე საქართველოში გახდა განაჩენი. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის დაპირება, ეს არის თითოეული ჩვენგანის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების უპირველესი საზრუნავი. ჩვენც დავბერდებით, ჩვენს გავხდებით პენსიონერები და როცა აღმოვაჩენთ, რომ სახელმწიფოს არ დარდებს ჩვენი ბედი, თავის დროზე რატომ არ გავაკეთეთ რაღაც, ამას ვიტყვით. ამიტომ ის 1000 ლარი პენსია, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, არის აბსოლუტურად რეალური იმიტომ, რომ საქართველოში, სადაც 240 მილიარდიანია ბრუნვა მთელი ბიზნესის და აქედან 63 მილიარდი არის სათამაშო და ონლაინ კაზინოები, შემოსავალ ამ ბიზნესიდან დაახლოებით 1/3 მხოლოდ 200 მილიონია. ეს არის კატასტროფა. მე არ ვამბობ, ისე უნდა დაბეგრო,რომ ქვეყნიდან გააქციო რომელიმე ბიზნესი, მაგრამ სამართლიანი დაბეგვრა არის აუცილებელი. ჩვენ გვაქვს რესურსი სამართლიანად დავბეგროთ ის ბიზნესი, რომელიც დოვლათს არ ქმნის და რის სათამაშო, რომელიც ამავდროულად ბევრ უბედურებასაც უყრის საფუძველს მე მგონი ყველამ კარგად იცით და ამავე დროს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დავამარცხოთ კორუფცია. არავის ამ ქვეყანაში არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ჩვენი გადასახადებით შეგროვებული ბიუჯეტი ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდოს", - დასძინა ხაზარაძემ.
მან მიმართა საჯარო მოხელეებსაც, ხაზარაძემ პირობა დადო, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდება პოლიტიკური ზემოქმედება და შურისძიება.
„აქვე მინდა ვთქვა, ყველა საჯარო მოხელეს და მუშაკს, რომელიც დღეს საჯარო სექტორშია, ვაძლევ სრულ გარანტიას, პატიოსან, კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამთავრდება პოლიტიკური ზემოქმედება და შურისძიება. ეს დამთავრდება, რადგან საჯარო მოხელე არის ღერძი სახელმწიფოსი, ეს არის ისტორიული მეხსიერება, ეს არის ხალხი, რომელზედაც დგას სახელმწიფო, მაგრამ იმ გამორჩეულად კორუმპირებულ ხალხს, რომელიც ჩვენს ჯიბეში აფათურებს ხელს სამართლიანი სასამართლოს პირობებში აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. ამ ქვეყანაში როგორც კი დადგება სამართლიანობის განცდა, ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიწყებს წინსვლას", - განაცხადა მან.
ასევე, ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილებზეც. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება თავისუფალი პირდაპირი ინვესტიციები, რომ შეიქმნას მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები ღირსეული ანაზღაურებით.
„აქვე მინდა გითხრათ სამუშაო ადგილების შესახებ, 200 000 სამუშაო ადგილი გააქრო "ქართულმა ოცნებამ". მათი პოლიტიკით ჩვენ გადავიქეცით მომხმარებელ ერად. ვაშლი, ნაყინი, ხახვი, ნიორი, ყველაფერი შემოგვაქვს უკვე. რომ გადაავლოთ თვალი სტატისტიკას კატასტროფული მდგომარეობაა, ამიტომ სწორი მიდგომების პირობებში ანაკლიის პორტის სწრაფად დასრულებით, ქალაქის დამთავრებით და იმ პროექტებით, რომელიც გვაქვს გეგმაში, არის შესაძლებელი, რომ ჩვენ უახლოეს ხანში შევქმნათ სერიოზული სამუშოა ადგილები ღირსეული ანაზღაურებით.
ვინ ასულდგმულებს, რაზე დგას ჩვენი ეკონომიკა? იმ ადამიანების ჯაფაზე და შრომაზე, რომლებიც ემიგრაციაში არიან. ისინი ასულდგმულებენ ჩვენს ქვეყანას და ეს უნდა შეიცვალოთ. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი პირდაპირი ინვესტიციები, რომ აქ შეიქმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები ღირსეული ანაზღაურებით. ვიცით ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. გამიკეთებია წარსულში და ახლა სახელმწიფოს მასშტაბით გავაკეთებთ ამ ყველაფერს.
ჩვენ ვართ პატარა ერი, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გამოსავალი: ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თავი დავიცვათ და თავის დაცვა საქართველოში არის ყოველთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთმანეთს ვეკამათოთ, შეიძლება ვეკამათოთ ეკონომიკურ საკითხებზე, მაგრამ ვერ ვიკამათებთ ეროვნული ინტერესების შესახებ საკითხებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროკავშირში ინტეგრირება. ამ სულსიკვეთებით ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდეთ, რომ 13 დღეში რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ საქართველოდან", - განაცხად ხაზარაძემ.