რეზონანსი
14.10.2024

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ჩვენ თანამდებობების განაწილებით უნდა ვიყოთ დაკავებული - რატომ ჩქარობს პრეზიდენტი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებამდე თანამდებობების განაწილება არასერიოზულია.

„ქარტიაში წერია, რომ არჩევნებში მონაწილე პროდასავლური ძალები თანხმდებიან, რომ კოალიციურ რეჟიმში, პრეზიდენტთან ერთად მთავრობას [აირჩევენ]. არჩევნებამდე ცოცხალი დათვის ტყავის განაწილება, თანამდებობების განაწილება ჯერ არ გამოცხადებული შედეგების პირობებში რამდენად სერიოზულია, ეს საკითხი? თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ეს საკითხი ეხმარება არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ინტერესებს, მე ვიფიქრებდი ამაზე, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ჩვენ თანამდებობების განაწილებით უნდა ვიყოთ დაკავებული. კარდაკარ დავდივარ ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ძლიერ გუნდთან ერთად და ხალხს ვეუბნებით, რომ ეს არის რეფერენდუმი, თუ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება. ეს არის რეფერენდუმი, ტექნიკური მთავრობა გვინდა თუ არა? ასეთი საკითხი არ დგას. რატომ ჩქარობს პრეზიდენტი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

მე ახლა გურიაში ვარ, ოზურგეთში. ხალხი ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება" გავუშვათ, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა ევროპა, ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია გურიაში, ვინც ითხოვს, რომ ჩვენ გვინდა სალომე ზურაბიშვილის მიერ დასახელებული ტექნიკურიო მთავრობა. პირდაპირ გეუბნებით, არასერიოზულიც კი მგონია არჩევნებამდე რაღაც პოზიციების განაწილება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×