სცენაზე ვიდექი და მითხრეს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, „გუგლში“ ჩავწერე და ამომიგდო ნონა ქურდოვანიძის პოსტი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლის სახელი და გვარი არც კი იცოდა.
„წინასწარ არ ვიცოდი. სცენაზე ვიდექი, იქ მითხრეს, თეთრიწყაროს სასამართლომ მიიღო საინტერესო გადაწყვეტილებაო. „გუგლში“ ჩავწერე თეთრიწყაროს სასამართლო და ამომიგდო ნონა ქურდოვანიძის პოსტი, რომელიც შემდეგ „ინტერპრესიუსზეც“ იდო. ამ პოსტში ეწერა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე, სახელი და გვარი არ ეწერა. ეგ იყო და ეგ. საიდან მოიტანეთ, რომ წინასწარ ვიცოდი. საერთოდ არ ვიცოდი, ის ხუჭუა ქალი იყო თუ კაცი, ხუჭუა რომ იყო გვარად, ისიც არ ვიცოდი. ნონა ქურდოვანიძის პოსტი წავიკითხე, მორჩა და გათავდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე ინტერვიუში თქვა შინაარსი, სასამართლოს საიდუმლოება დარღვეულია“.