ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი უწყების ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნას, რომ გიორგი კალანდარიშვილმა სხდომა მოიწვიოს და ახალი არჩევნების ჩატარებაზე იმსჯელოს, ბრიფინგიდან პასუხობს.
როგორც ნათია იოსელიანი აცხადებს, "ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად ვერ და არ იმოქმედებს".
ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თქვენ იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რითიც შეჯამდება პარლამენტის არჩევნები, - ამბობს იოსელიანი.
ცესკოს ოპოზიციონერი წევრები გიორგი კალანდარიშვილს მოუწოდებენ, სხდომა მოიწვიოს და ახალი არჩევნების ჩატარებაზე იმსჯელოს. ოპოზიციონერები თანხმდებიან, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა მასიურად იყო დარღვეული, რაც თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო.