სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.
დიპლომატიური მისიის ოფისში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანიიყო.
„ვფიქრობ, ელჩი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, თუმცა ჩვენ მაინც მივაწოდეთ ინფორმაციები, რომლებიც არ ეხებოდა მხოლოდ დარღვევებს, რადგან უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი, რა და როგორ ხდებოდა. ჩვენი წინადადადებები ვუთხარით საერთაშორისო გამოძიებაზე. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება და სამართლებრივი, პოლიტიკური წინაპირობა, შეისწავლოს, ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე. ყველასთვის ცხადია, რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დამზადება სასარგებლო იქნებოდა სრული სურათის გამოსავლენად.
ჩვენ ვუთხარით, რომ გამორიცხულია, ჩვენ პარლამენტში შევიდეთ. ამ მხრივ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქნება პროტესტი ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და შედეგზე ორიენტირებული. დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. გვინდოდა, რომ ეს ელჩს სცოდნოდა და ვუთხარით, რომ არ ვართ საიმისოდ განწყობილი, ნებისმიერი ფორმით ჩვენი პოზიცია გამოყენებული იქნეს ამ მთავრობასთან რაღაცნაირად დასაახლოებლად, სტაბილურობის მისაღწევად. სტაბილურობა არის ევროპულ ქვეყნებში, ეს მთავრობა რუსულია, ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა - ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.