საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლა არის ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი და ნიშანი იმის, რომ ევროპა საქართველოს ხელიდან არ უშვებს.
„მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, ევროპელი პარლამენტების დელეგაციას. ისინი 8 ქვეყანას წარმოადგენენ და არიან საქართველოს მართლაც ერთგული მეგობრები, რომლებიც პირველი დღიდან საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფოს მშენებლობას, მის ევროპულ გზას გვერდით უდგანან. თუ ჩვენ შარშან, დეკემბერში, მივედით იმ დონემდე, რომ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ეს ამ ჩვენი მეგობრების დამსახურებაა, რომ გვენდვნენ და მოგვანიჭეს ეს სტატუსი. ნდობის ნიშანი იყო ის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ დეკემბერში ვიზეიმეთ. როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად. მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში. როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ, პრაქტიკულად, 30 წელი ქუჩაში გაატარა იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის მიმართ ხელისუფლების მიერ გადახვევა, ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაპროტესტებული. ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.