ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვა ეხებოდა საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილის მინიჭებას. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებელი სიამაყის საფუძველს იძლევა.
„ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი, რაზეც პარლამენტში გამოსვლისას ვსაუბრობდი. ჩვენი ამბიციური მიზანია, მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. კარგი ტემპი გვაქვს აღებული, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში, რათა კიდევ მეტად შემცირებულიყო კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. მთავრობის საქმიანობა არის სრულად გამჭვირვალე, საქართველოს მთავრობის ყველა განკარგულება, ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, გამჭვირვალედ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა პრემიერმა.