საზოგადოება გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხედავდა იმ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციელების მიმართ სჩადიოდნენ. ჩვენ, პოლიციის კორდონები ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩის მიმდებარედ გვყავდა განთავსებული, თუმცა მხოლოდ ერთ მიმართულებაზე იყო მხოლოდ დაძაბული ვითარება, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ისროდნენ სხვადასხვა საგანს.
„იყო ქვების სროლა, მათ შორის იყო შემთხვევა, როდესაც ბოთლში ქვებს ყრიდნენ და იმას ისროდნენ, ასევე ისროდნენ საღებავებსა და კვერცხებს. პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ. დაზიანებულია არაერთი თანამშრომელი, რამდენიმე მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც. მათი ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სჭირდებათ მკურნალობა, დაზიანებები აქვთ თავის არეში, რაც გამოწვეულია ნივთების სროლის შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ ჩაჯდნენ იმ კანონიერ ფარგლებში, რაც არის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებისგან“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.