რაც უფრო მეტი სისასტიკე იქნება გამოვლენილი პოლიციელების მხრიდან, მით უფრო მეტი იქნება პროტესტი, ეს გარდაუვალია, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნება” არის ტიპური რუსული ძალა, რომლის ძირითადი ამოცანაა, როგორმე ჩაიაროს ამ პროტესტმა, ბრაზი განელდეს და რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება.
“ჩვენ ვხედავთ, ურიცხვი ადამიანია მოსული, ისინი არიან გულანთებული პატრიოტები ჩვენი ქვეყნის, რომლებიც არასდროს არ დათმობენ თავისუფლებას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ წავლენ აქედან, სანამ არ მიაღწევენ ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლების აღდგენას - ეს არის სამართლიანი, ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მართლაც მოახდენს დეესკალაციას და რომელიც ამ დაძაბულობას შეამცირებს. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც ენდობა და რომელიც შეძლებს, ქვეყანა გამოიყვანოს ამ კრიზისიდან, სადაც მხოლოდ და მხოლოდ უფრო ღრმად შევალთ, თუ კი ქართული ოცნება გააგრძელებს იგნორირებას ამ უამრავი ჩვენი თანამოქალაქის მოთხოვნის. გუშინ ჩვენ ვნახეთ დანაშაული, ჩვენს თვალწინ რაც მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ცემა პოლიციელმა. უნდა მივმართო პირდაპირ შსს-ს, გამოავლინეს თუ არა ეს დანაშაული, როდესაც გურამ როგავა უმოწყალოდ გაიმეტა, მიაყენა უმძიმესი ფიზიკური ზიანი, დღესაც არ ვიცით მისი ვინაობა. ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც ყველასგან უნდა მოდიოდეს - შსს-მ დაასახელოს ის პოლიციელი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.
“ქართული ოცნება” არის ტიპური რუსული ძალა, მისი ძირითადი ამოცანაა, როგორმე ჩაიაროს ამ პროტესტმა, ბრაზი განელდეს და რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება, მათ აქვთ ამის ილუზია, რომ შეძლებენ ამას. ამას ვერ შეძლებენ, რაც უფრო მეტი სისასტიკე იქნება გამოვლენილი პოლიციელების მხრიდან, მით უფრო მეტი იქნება პროტესტი, ეს გარდაუვალია, ამიტომ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, რადგან პატრიოტები არ დათმობენ ამ ქვეყანას”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.